Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
Button
 

 

 

 

საუნივერსიტეტო განათლების საფეხურები

საუნივერსიტეტო განათლება იყოფა სამ საფეხურად:


ა) პირველი საფეხური ემსახურება ზოგადსაუნივერსიტეტო, ზოგადსაფაკულტეტო და ზოგადსპეციალური განათლების მიღებას. აღნიშნული საფეხურის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული ღებულობს ბაკალავრის დიპლომს. ამ საფეხურზე სწავლა გრძელდება 4 წელიწადს.
ბ) მეორე საფეხური ემსახურება განსაზღვრულ სპეციალობაში გაღრმავებული ცოდნის მიღებასა და კვალიფიცირებულ სამეცნიერო მუშაობაში ჩასართველად თეორიულ მომზადებას. აღნიშნული საფეხურის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული იღებს მაგისტრის ხარისხს და დიპლომს. ამ საფეხურზე სწავლა გრძელდება ორ წელიწადს.
გ) მესამე, დოქტორანტურის საფეხურზე წარმოებს მუშაობა გარკვეულ სპეციალობაში არჩეულ სადისერტაციო ნაშრომზე მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, ასევე მომზადება უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიური მუშაობისათვის. ამ საფეხურზე სწავლა გრძელდება სამ წელიწადს.

 

პირველი (ბაკალავრთა მომზადების) საფეხური


საბაკალავრო პროგრამების სწავლებაზე დაიშვებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკურს გავლილი აბიტურიენტები. ამ საფეხურზე ხდება პირველადი უმაღლესი განათლების მიცემა ძირითადი საუნივერსიტეტო სპეციალობების მიხედვით. ისწავლება არაუმეტეს 40 სავალდებულო საგნისა. მათგან არაუმეტეს 35 საგნისა განსაზღვრულია კათედრებსა და ფაკულტეტების საბჭოებზე დადგენილი სასწავლო გეგმებით. გარდა ამისა, შესაბამისი კათედრები სთავაზობენ სტუდენტებს არჩევითი სალექციო კურსების ნუსხებს. ყოველი სასწავლო წლის ან სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს აქვთ საშუალება ამ ნუსხიდან შეარჩიონ კიდევ არანაკლებ ხუთი კურსისა, რომლებშიც მიღებული შეფასება ასევე სავალდებულო იქნება და შევა ბაკალავრის დიპლომის დანართში. საფაკულტეტო - საკათედრო გეგმები შეთანხმებული უნდა იყოს საუნივერსიტეტო აკადემიურ საბჭოსთან იმ მიზნით, რომ იგი მიესადაგოს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს სხვადასხვა სპეციალობაში.
უნივერსიტეტში ცალკეულ დარგებში ბაკალავრის მომზადება შეიძლება მოხდეს საკონტრაქტო საწყისებზე, თუკი შესაბამისი ფაკულტეტები და კათედრები ამისათვის მზად იქნებიან. კონტრაქტი, როგორც წესი, დაიდება ორგანიზაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს ბაკალავრის მომზადების მთელ საფეხურს.
სტიპენდია ენიშნება მხოლოდ გამორჩეულსა და წარჩინებულ სტუდენტებს კათედრებისა და საფაკულტეტო საბჭოების წარდგინებით. მიზნობრივი სტიპენდიების დანიშვნა შეუძლიათ ცალკეულ წარმოებებსა და დაწესებულებებს.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს უფლება, უფასოდ და შეუზღუდავად ისარგებლოს ბიბლიოთეკით.


ყველა სავალდებულო საგანში სტუდენტები აბარებენ გამოცდას. საგანთა უმეტესობაში (არანაკლებ 60%-სა) გამოცდა ბარდება ორ ფაზად: წერილობით და ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტს აქვს სურვილი, დამატებით დაესწროს სხვა ლექციების კურსებს და ჩააბაროს გამოცდები, მას ეძლევა უფლება მოისმინოს და ჩააბაროს გამოცდა არაუმეტეს ორი საგნისა ყოველწლიურად. მისი დიპლომის დანართში აღინიშნება ამ გამოცდებში მიღებული ნიშნები.

ბაკალავრის დიპლომის მისაღებად დამატებით, სტუდენტები დამამთავრებელი წლის ბოლოს წერენ საბაკალავრო ნაშრომს, სპეციალობის მიხედვით.


პირველი საფეხურის სასწავლო პროგრამა დგება იმ პრინციპით, რომ სტუდენტმა რაც შეიძლება მეტად მიიღოს: ა) ზოგადი საუნივერსიტეტო განათლება, ბ) განათლება ფუნდამენტურ მეცნიერებებში, გ) მომზადება სპეციალობაში უფრო ღრმად სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ ეტაპზე. ამის შესაბამისად, მეთოდკომისიებისა და საბჭოების რეკომენდაციით, მსოფლიოს უნივერსიტეტების პრაქტიკისა და საქართველოში არსებული რეალობების თუ ტრადიციების გათვალისწინებით ისაზღვრება საგნებისა თუ საათების რაოდენობის დადგენის პრინციპები სხვადასხვა ტიპის დისციპლინებისათვის სასწავლო პროგრამებში. ცალკეულ დარგებსა თუ სპეციალობაბში დადგენილი სასწავლო პროგრამები რეგულარულად ქვეყნდება, რათა ახალგაზრდამ წინასწარ იცოდეს იმ დისციპლინების ნუსხა, რომელთაც იგი უნდა დაეუფლოს სწავლის პერიოდში.
მიუხედავად იმ უფლებებისა, რაც კათედრებსა და ფაკულტეტებს აქვთ სასწავლო პროგრამების შედგენაში, ბაკალავრის დიპლომის გაცემის უფლება უნივესიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი სასწავლო პროცესი და პროგრამები შეესაბამება ცალკეულ სპეცეციალობებში საბაზო უმაღლესი განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნილებებს.
სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს: ა) ბაკალავრის საბაზო მომზადების დროის მოცულობის ძირითად პარამეტრებს; ბ) სასწავლო პროცესის ძირითად ფორმებსა და მათი ჩატარების უფლების მქონე სპეციალისტთა კატეგორიებს; გ) სრული სასწავლო პროცესის გასავლელად აუცილებელი სალექციო, სასემინარო თუ პრაქტიკული კურსების საათების დაახლოებით ოდენობას; დ) რეკომენდაციებს აუცილებელ საუნივერსიტეტო კურსებთან დაკავშირებით ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისათვის.
ოთხწლიანი (ან ხუთწლიანი) საფეხურის წარმატებით დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის დიპლომს, რომელიც მას უფლებას აძლევს იმუშაოს: ა) სკოლებში მასწავლებლად (გარდა გიმნაზიებისა და სპეციალიზებული სასწავლებლის უფროსი კლასებისა), ბ) ყველა თანამდებობაზე, გარდა მათი, რომლებიც, სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნომენკლატურის მიხედვით, სწავლის მხოლოდ შემდგომი საფეხურების გავლის მერე შეიძლება დაიკავონ სპეციალისტებმა.

 

 

მეორე (მაგისტრის მომზადების) საფეხური


ამ საფეხურზე ხდება სწავლის გაგრძელება მხოლოდ განსაზღვრული სპეციალობების ფარგლებში.


მაგისტრატურის სასწავლო გეგმა შეიცავს 10 სავალდებულო სპეციალურ დისციპლინას - 6 ზოგადსპეციალურს, რომელიც აღნიშნული სპეციალობის ყველა მაგისტრისათვისაა განკუთვნილი, და 4 სპეციალურს ანუ ინდივიდუალურს, რომელიც ცალკეული მაგისტრის ვიწრო სპეციალიზაციას ემსახურება. თითოეულ დისციპლინაში ბარდება გამოცდა. 2 წლის შემდგომ ხდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვა სპეციალობაში საგნგებოდ შექმნილი კომისიის წინაშე.
ცალკეულ სპეციალობაში მაგისტრის მომზადების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნილებებს: ა) მაგისტრატურაში ჩარიცხულ სპეციალისტს უნდა გამოეყოს პასუხისმგებელი ხელმძღვანელი, რომლის რეკომენდაციითაც მაგისტრატურაში ჩარიცხული ახალგაზრდა სპეციალისტი სასწავლო წლის დასაწყისში ადგენს მაგისტრის მომზადების ორწლიან გეგმას და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამაგისტრო თემას. მაგისტრის ხელმძღვანელი, როგორც წესი, უნდა იყოს პროფესორი ან გამონაკლის შემთხვევაში ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 15 წლის სტაჟი; იგი პასუხისმგებელია მაგისტრის მომზადების მთელ პროცესზე; ბ) მაგისტრის მომზადების პროგრამის რეალიზაციაში ცალკეულ შემთხვევაში დასაშვებია მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მოწვევა; გ) მაგისტრის მომზადების პროცესში ძირითად გამოყენებულია ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამეცნიერო მუშაობისა და სალექციო მუშაობის ფორმები; დ) მაგისტრი, მისი პროგრამით გათვალისწინებული თითოეული საგნის საფუძვლიანი მომზადების შემდგომ, წარმოადგენს მოკლე ანგარიშს ამ საგანში მის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ და ხელმძღვანელის შეფასებას; ე) სამაგისტრო თემის დაცვა ხდება სპეციალურ სახელმწიფო კომისიაზე, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი, ვ) ორწლიანი სასწავლო გეგმის შესრულებისა და სამაგისტრო თემის წარმატებით დაცვის შემდეგ მაგისტრი იღებს დიპლომს, რომელიც მას საშუალებას აძლევს განაგრძოს სწავლა დოქტურანტურაში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად ან დაიკავოს ის თანამდებობა, რომელიც რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილი საშტატო ნომენკლატურით მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლების მეორე საფეხურის დასრულების შემდგომ შეიძლება დაიკავოს სპეციალისტმა.

 

 
 

სახელი 

პაროლი 
        

 

 

 

Copyright © თბილისის უნივერსიტეტი-2006-2008 წ | დიზაინი და პროგრამირება - ლევან ჯანგულაშვილი Mail: jangulashvili@ukr.net